გადაწყვეტილება მიღებულია - ენმ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
გადაწყვეტილება მიღებულია, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადადის - სააკაშვილის სასამართლო განაჩენის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.
ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ბეჟაშვილის, ინფორმაციით, ამ დროისთვის საუბარია საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტზე, თუმცა განიხილება მომავალში პროტესტის სხვა ფორმაც, რაც მანდატების დატოვებას გულისხმობს.
ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას და აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს არც სესიებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე. იმავდროულად, პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებზე. საუბარია მანდატების დატოვებაზე და ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ენმ-ს გადაწყვეტილებას უერთდება და ბოიკოტის რეჟიმზე გადადის ,,სტრატეგია აღმაშენებელი" და თაკო ჩარკვიანის ,,კანონი და სამართალი".