ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთი შესაძლოა, გახარიას პარტიის მერობის კანდიდატად დასახელდეს

06.05.21 11:40
 ძმები არველაძეებიდან ერთ-ერთი შესაძლოა,  გახარიას პარტიის მერობის კანდიდატად დასახელდეს

ძმები არველაძეები შესაძლოა, გიორგი გახარიას გუნდის წევრები გახდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ფეხბურთელი ძმები არა მხოლოდ გახარიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან, არამედ შესაძლოა, ერთ-ერთი ძმა თბილისის მერობის კანდიდატადაც დასახელდეს. აჩი არველაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციას ის არ ფლობს, თუმცა შეკითხვას, დათანხმდება თუ არა ის ამ შეთავაზებას, არველაძე არ პასუხობს.

ახლოს არ ყოფილა ეგეთი თემა. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, არ ყოფილა საუბარი. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვაკეთო კომენტარი, - ამბობს აჩი არველაძე. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გიორგი გახარიას გუნდის შანსებზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევენ. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას გახარიამ, ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება.

გახარია უნდა მოვიაზროთ როგორც ივანიშვილის გუნდის ნაწილი, რომელიც შემდეგ ძალიან დიდი ალბათობით იქნება ოპოზიციაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. „ქართული ოცნების“ და გიორგი გახარის გუნდის ცალ-ცალკე წარმოდგენა არის ძალიან ძნელი. შეიძლება, იყვნენ რაღაცა სიტუაციიდან გამომდინარე კონკურენტები, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ივანიშვილის მედლის ორი მხარე, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  რომან გოცირიძე.

ჰიპოთეტურს უწოდებს გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე. 

ჰიპოთეტური მგონია ამაზე საუბარი, რადგან ჰიპოთეტურია საერთოდ გახარიას პოლიტიკაში მოსვლის საკითხი, ჰიპოთეტურია გახარიას პარტიის ამბავი და ჰიპოთეტურის ჰიპოთეტური კომენტარის გაკეთება მე მგონი, არასერიოზულია, - ამბობს მანჯგალაძე.  

ექსპრემიერმა ახალი გუნდი სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უნდა წარადგინოს.