თავი ვერ, ან არ მოაბეს - გახარიას გუნდი საპარლამენტო ბოიკოტს უარყოფითად აფასებს

07.02.23 16:10
თავი ვერ, ან არ მოაბეს - გახარიას გუნდი საპარლამენტო ბოიკოტს უარყოფითად აფასებს

ფრაქცია ენმ-ს გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი უარყოფითად აფასებს. 

გახარიას გუნდს მიაჩნია, რომ ბოიკოტის შედეგად პარლამენტში მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატების სიმცირის გამო ვერ ხერხდება ისეთი მექანიზმის შემუშავება, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ის ბერკეტი, ძლიერი მექანიზმი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ. ამას ვერ ვიყენებთ არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის ხელშეშლის გამო, არამედ ოპოზიციის გამოც. ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა უბრალოდ რაღაცას თავი ვერ მოაბა, არ მოაბა.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი უბრალოდ ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს და რაში გამოიხატება რეალური ოპონირება და იმ საქმის კეთება, რასაც ოპოზიციონერი უნდა აკეთებდეს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში - აცხადებს გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი.  

ხელისუფლებამ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პროტესტი სათავისოდ გამოიყენა - ,,ოცნებამ" საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრაზე გაიტანა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა, ოპოზიცია კი თვეებია, ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც ფრაქცია ენმ საპარლამენტო მოღვაწეობის ბოიკოტირების რეჟიმზე გადავიდა და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 25 მოქმედი ოპოზიციონერი დეპუტატი დარჩა, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელისუფლების ოპონენტებს საკმარისი ხმები აღარ აქვთ.

შესაბამისად, ოპოზიციის მიერ დაინიცირებული 5 ივლისის მოვლენებისა და გომელაურის რუსული კავშირების გამოსაძიებელი კომისია პარლამენტში არ შეიქმნება. 

მსგავსი სიახლეები