„სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“ - პრეზიდენტი

07.02.23 21:00
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“ - პრეზიდენტი

„ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“ - ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა.

პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა"- ამბობს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის განცხადებით, გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია.

ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის. ამ დროს, ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი, დღეს არც კი განიხილება საჯარო დონეზე. არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად"- წერია განცხადებაში. 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე საუბრობს და წერს, რომ  პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება“. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. 

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილლება, ადგილზე თათბირით გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები