პრეზიდენტის განცხადება არაჰუმანური და არაადამიანურია - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ

08.02.23 11:13
პრეზიდენტის განცხადება არაჰუმანური და არაადამიანურია - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ. ბექა ბასილაია ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, ეს ავტომატურად მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდება.

ბასიალაია ასე ეხმაურება პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი გათავისუფლების შემთხვევაში, როგორც საფრთხე ისე წარმოაჩინა.

ბასილაია პრეზიდენტის განცხადების ამ ნაწილს არაჰუმანურის და არაადამიანურს უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, ეს არის ტყუილი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორი პოლიტიკური განაჩენი ექვემდებარება პრეზიდენტის მხრიდან ანულირებას სასჯელის თვალსაზრისით, რადგან თუ ის შეიწყალებს, მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდება. რაც შეეხება, სამ სხვა საქმეს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, არც ერთ მათგანზე მას აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს, შესაბამისად იქნება ეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საქმე თუ იქნება ეს პიჯაკების საქმე, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

 შეწყალების შემთხვევაში იქნება საკამარისი დრო იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვოს, როგორც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვითხოვთ, ის აუცილებლად გადასაყვანია საზღვარგარეთ სამკურნალოდ. სალომე ზურაბიშვილის განცხადების მეორე ნაწილში ჩვენ ვნახეთ, როგორ ნეგატიურად არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ის განწყობილი და ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ფაქტობრივად საფრთხედ წარმოაჩენდა საზოგადოების წინაშე, რომ მისმა გათავისუფლებამ  შეიძლება საფრთხეები გამოიწვიოსო და მის არაჰუმანური, არაადამიანური განცხადების გასამართლებლად, "გასაპრავებლად" მან მოიყვანა ასე სამართლებრივი აბსოლუტურად აბსურდული არგუმენტი", - ამბობს ბექა ბასილაია.

პრეზიდენტი თავის მართლების რეჟიმშია - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ იწყალებს. ახსნა განმარტება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გვიან ღამით გამოქვეყნდა, სადაც ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან ის ციხეს მაინც ვერ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები