რადიკალიზაციის კარგი მტკიცებულებაა ის ცარიელი სკამები, რასაც პარლამენტის დარბაზში ვხედავთ - შალვა პაპუაშვილი
ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს - საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური გამოსვლის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული პოლიტიკის მთავარ პრობლემად ოპოზიცია დაასახელა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალიზაციის თვალსაჩინო მაგალითია საპარლამენტო საქმიანობისთვის ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი და დარბაზში ოპონენტთა ცარიელი სკამები.
ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. რეალური გამოწვევა, რაც გვაქვს, არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში, არ აღიარებენ დემოკრატიას.
ამის ყველაზე კარგი მტკიცებულებაა ის ცარიელი სკამები, რომლებსაც დღეს ჩვენ, ჩვენი სტუმრები და საქართველოს საზოგადოება ამ დარბაზში ხედავს.
ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, დერადიკალიზაცია - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარემ 12 რეკომენდაციით შესრულებულ და შეუსრულებელ პუნქტებზე ისაუბრა.
პაპუაშვილის ანგარიშს ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თუმცა ოპოზიციის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო.