დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა - სახალხო დამცველის აპარატი

08.02.23 17:03
დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა - სახალხო დამცველის აპარატი

 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ბოლო პერიოდში პოლიტიკური ოპონირებისა თუ პროტესტის გამოხატვისას ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს ეხმიანება.

როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან ხშირია კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების სოციალურ ქსელში გავრცელება.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და კონკრეტული პირისადმი კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება, ბავშვებისთვის შეურაცხმყოფელი, მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენება და მატრავმირებელი ქმედებებისთვის მიმართვა.

აღნიშნული არა მხოლოდ აზიანებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას, არამედ შეიცავს რეალურ საფრთხეს და შესაძლოა, ბავშვის მიმართ ჩაგვრაც წაახალისოს.

ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, რადგან გაცილებით მაღალია მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოების მხრიდან გაზიარების ალბათობა. ამასთან, არასრულწლოვნების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.

შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა, მოერიდონ ამ პროცესში ბავშვებისადმი მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენებას, და პრაქტიკისთვის მიმართვას - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები