სააკაშვილის ამნისტია გამორიცხულია - ირაკლი კობახიძემ სიტყვები უკან წაიღო
პირობას ვდებ, სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული - ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო. თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გუშინ მსჯავრდებულ პრეზიდენტს მონანიების ნაცვლად ამნისტიას ჰპირდებოდა, დღეს კობახიძე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამნისტია ერთ ადამიანზე მორგებული ვერ იქნება.
პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული.
ჩვენ საუბარი გვქონდა თეორიულ ვარიანტებზე. ამნისტია არის ისეთი კანონი, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტურ წრეს. არ შეიძლება, ამნისტია ერთ კონკრეტულ ადამიანს მოერგოს.
9 ათასივე პატიმარი შესაძლოა, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, რაღაც დოზით შესაძლოა, იწვევდეს თანაგრძნობას.
რა თქმა უნდა, ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9 ათასი პატიმრის გათავისუფლება გამორიცხულია. განსაკუთრეებით მაშინ, როცა საქმე ეხება თუ ყველაზე მძიმე არა, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულს.
ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არც ერთ პატიმარს, რაც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს გაამწარა. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.