10 წლის წინანდელი საქმე თაროდან ჩამოიღეს - წაუყენებს თუ არა დავით კეზერაშვილს ახალ ბრალს?
წაუყენებს თუ არა პროკურატურა "ფორმულას" დამფუძნებელს ახალ ბრალს - თურქი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ის საქართველოში დავით კეზერაშვილის საქმეზე ახალი ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
საქმე ეხება 10 წლის წინანდელ საქმეს, მაშინ თურქი ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ავტომობილები აყიდინეს და სამი მილიონი გამოართვეს. გამოძიება დაიწყო, თუმცა დავით კეზერაშვილის ბრალეულობა ვერ გამოკვეთეს.
პროკურატურისგან ვითხოვ, დააჩქაროს გამოძიება და დამიბრუნონ ჩემი ფული. მატ 10 წელია, იციან, რომ კეზერაშვილმა და ქარსელაძემ 3 მილიონი და 10 ავტომობილი იძულებით დამათმობინეს, თუმცა, საქმე მაინც თაროზე შემოდეს.
წლების განმავლობაში არაფერს მეუბნებოდნენ, ახლა იმედი გამიჩნდა, რადგან დამირეკეს და დამიბარეს. როგორც მითხრეს, ჩვენება კიდევ ერთხელ უნდა მივცე. მე ყველაფრის მტკიცებულება მაქვს. საგანგებოდ ამ თემისთვის ჩამოვედი თურქეთიდან. 10 მანქანა მივეცი კეზერაშვილს, როცა მისი კაცი გამომიგზავნა. ხოლო სოსო ქარსელაძეს 3 მილიონი მივეცი, თუ მუსაობა გინდა, ეს პირობები უნდა შეასრულოო. ყველა ტრაილერზე 6 ათასის გადახდას მთხოვდნენ ყოველთვე.
რაც წამართვეს, სანამ იმ ფულს არ დავიბრუნებ, თურქეთში არ დავბრუნდები - აცხადებს თურქი ბიზნესმენი, ადნარ აქიარი.
ადნარ აქიარის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ "ფორმულას" დამფუძნებელს ქრთამის მიღების მუხლით ახალი ბრალი წარუდგინონ.
ჩამოსულია აქ და დაბარებულია პროკურატურაში. ის ჩამოსული იყო საქართველოში რამდენიმე ხნის წინ. პროკურატურამ დამატებითი მასალები მოითხოვა. ჩვენ არქივიდან მასალები მოვიპოვეთ და გამოძიებას ხვალ გადავცემთ.
არ გამოვრიცხავ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალი მზადდებოდეს. საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს. საქმე ეხება პერიოდს, როცა დავით კეზერაშვილი არ იყო თანამდებობაზე, მაგრამ მისი კაცი იყო. ჩვენებებით დასტურდება ქრთამის აღების ფაქტი, ესენი ადებენ ხელს - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
"პირველები" დავით კეზერაშვილის ადვოკატს, გიორგი გელხაურს ესაუბრა. უფლებადამცველი განმარტავს, რომ საჩივარი გენერალურ პროკურატურაში 10 წლის წინ შევიდა, მაშინ უწყებაში ვერ დაინახეს იმის საფუძველი, რომ ბრალი წაეყენებინათ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქმეს ახლაც არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ მოყვება.