"ქართველი ხალხის გზა ღალატის გზა არაა" - გიორგი ვაშაძე 24 თებერვალს აქციას აანონსებს

10.02.23 13:34
"ქართველი ხალხის გზა ღალატის გზა არაა"  - გიორგი ვაშაძე 24 თებერვალს აქციას აანონსებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს 19:00 საათზე რუსთაველზე მასშტაბურ აქციას აანონსებს. 

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას  ღალატსა და რუსეთის სასარგებლო განცხადებებში ადანაშაულებს და ამბობს, ეს "ქართულ ოცნებას" არ უნდა შერჩეს.

გუშინ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის მხრიდან უმძიმესი განცხადებები და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კობახიძე საკუთარი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას. მათი მხრიდან აქვს ადგილი მცდელობას, რომ დაამკვიდროს, მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ 52%-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო რუსეთის მხრიდან გაანთავისუფლა. მე მინდა მას და საზოგადოებას ჩამოვუთვალო და კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია, რომ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ჩერნიგოვის ოლქი, ჟიტომირის, კიევის, სუმის ხარკოვის ოლქი მთლიანად, ზაპოროჟიეს ოლქი, ნიკოლაევის ოლქი, ხერსონი და ეს მიწები უკრაინის მხრიდან არის განთავისუფლებული, უფრო მეტიც, ამ ბრძოლაში, ბოლო თვეენახევრის მანძილზე დაახლოეიბთ 10 ათასი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის თუ რატომ საუბრობს ამას კობახიძე, იმიტომ, რომ საკუთარ ბედს, “ქართული ოცნება” პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას. ისინი ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მათ რუსეთის მხარე არიჩიეს ომის დაწყების პირველი დღიდან და ამიტომ არის, რომ ჩვენ ევროკავშირის სტატუსს ვერ ვიღებთ, სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ მივიწევთ წინ დასავლეთის ცივილიზაციისკენ, ამიტომაცაა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ ამიტომაა, რომ თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს მალავენ, აბსოლუტურად ყველა საკითხში, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხება, ისინი ირჩევენ ღალატის გზას. მეგობრებო ეს არის ქართველი ერის ღირსების შემლახველი განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა, ჯერ კიდევ მართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. დიახ, ისინი არიან შეთქმულებაში მონაწილენი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ 24 თებერვალს ჩვენ უნდა შევიკრიბოთ რაც შეიძლება ბევრნი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ თუ სად დგას ქართველი ხალხი, ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე. ყველანი უნდა შვიკრიბოთ რუსთაველზე, 7 საათზე იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის გზა, არ არის სიმხდალის გზა, არ არის ღალატის გზა, არამედ არის უკრაინის სოლიდარობის გზა, ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომის გზა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. 

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ თავის თანაგუნდელებთან ერთად რომ, ნახავთ იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს რუსეთის ფედერაციაში, მათ მოუწევთ, როგორც ჩანს გაქცევა იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ეს ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შერჩებათ. 

და ბოლოს, რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს, ცივილიზირებული სამყარო გაიმარჯვებს და საქართველო გაიმარჯვებს უკრაინასთან, ამერიკასთან, ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. ერთხელ და სამუდამოდ მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და რუსეთის აგრესიული ქმედებების საბოლოო დასრულება ჩვენს ტერიტორიაზე, გავხდებით ნატოს წევრები, გავხდებით ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - გიორგი ვაშაძე.


 

მსგავსი სიახლეები