რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

13.02.23 10:40
რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო 24 საათში  უკრაინის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში ამბობენ, რომ სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია.

ოკუპანტები ლიმანს, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით აქტიურობენ.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ზაპოროჟიეს ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

ვოლინის, პოლესკის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა 18 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით კი ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან 22 დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს.

 რუსებმა ბახმუტის მიმართულებით 16 დასახლებული პუნქტი ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო სისტემებიდან დაბომბეს. ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკში 25 დასახლებული პუნქტი დაიბომბა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის რვა დასახლება და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის ტერიტორია დაბომბეს. ხერსონის მიმართულებით კი - ხერსონისა და 20 დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 138 340 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები