ღარიბაშვილი სამიტზე: გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად
"გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე".
ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი, დინამიური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია, საქართველო იმის ნათელ მაგალითად იქცეს, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ხედვას რეალობად ვაქცევთ, მადლობა.