მთავარი ფოკუსი ნიკა მელიას გათავისუფლებაზე უნდა იყოს - დეკანოიძე
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირებამ იფეთქა. ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთის მისამართით კრიტიკული განცხადებებისგან თავს ვერ იკავენებ, თუმცა იქვე კოორდინირებულ მუშაობასა და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ერთმანეთის მიმართ ბილწი გამონათქვამების ნაცვლად, ოპოზიცია ახლა ნიკა მელიას გათავისუფლებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
მთავარო ფოკუსი ის კი არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთს ბილწი სიტყვებით მივმართოთ, ან გაუგებარი კამპანია აიწიოს, როდესაც ადამიანი ციხეშია. მთავარი ის არის, რომ ნიკა დავიხსნათ ტყვეობიდან და შემდეგ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამბობს დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძის ყოფილი თანაგუნდელი, სალომე სამადაშვილი, კი თანაპარტიელებს თავდასხმისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება სწორედ ამ შეთანხმების აქტის დამსახურება იქნება.
თუ ამ შეთანხმების შედეგებით აპირებენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ისარგებლონ და შემოუერთდნენ ამ შეთანხმებას მაშინ, როდესაც შესრულდება ისეთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, როგორიც არის ნიკა მელიას გათავისუფლება და ეს მხოლოდ ამ შეთანხმების შედეგი იქნება, მაშინ სწორი არის ალბათ ამ ოპოზიციური პარტიებისგან, რომ თავი შეიკავონ თავდასხმისგან ხელმომწერ მხარეებზე ამ შეთანხმების და იმ პოლიტიკურ აქტორებზე, რომლებმაც აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეთანხმებაზე, რომელსაც ისინი გეგმავენ, როგორც აღმოჩნდა, შემოუერთდნენ, - ამბობს სამადაშვილი.
ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დაუპირისპირდნენ. დეკანოიძემ ყოფილი თანაგუნდელი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გამო გააკრიტიკა, რასაც სამადაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შეთანხმების აქტს ხელი ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მოაწერა.