"ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" - "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობის დასასრულებლად ახალი მოძრაობა იქმნება

16.02.23 10:49
"ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" - "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობის დასასრულებლად ახალი მოძრაობა იქმნება

"ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" - "მთავარი არხის" დამფუძნებელის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ახალი მოძრაობა იქმნება. იდეის ავტორი ინტელექტუალური კლუბის "რა სად როდის" მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და გვარამიას მეგობრები არიან.

ყველა მათგანი "მთავარი არხის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ერთიანდება. მოძრაობა სტრატს ზუსტად ერთ საათში რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აიღებს. 

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გვარამიას პატიმრობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს, რადგან 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი მედიის თავისუფლებაა. ნიკა გვარამიას პატიმრობით კი ეს პირობაა ვერ შესრულდება. 

"ინიციატორებად გამოვდივართ ჩვენ, ნიკას მეგობრები. ადამიანები, რომლებსაც ნიკასთან წლები გვაკავშირებს. ეს არის "რა სად როდის" კლუბი, ნიკას მეგობრების წრე და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რომ იმედი გვაქვს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა შეწყდება", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

დღის ბოლოს "ტვ პირველზე" ყველა კრიტიკული მედიის წარმომადგენელი შეიკრიბება და გაერთიანებული ეთერი სწორედ ნიკა გვარამიას მიეძღვნება.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".  

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. 

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. 

მსგავსი სიახლეები