თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიცია ნიკა მელიას ერთიან კანდიდატად წარდგენას არ განიხილავს

07.05.21 12:16
თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიცია ნიკა მელიას ერთიან კანდიდატად წარდგენას არ განიხილავს

ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელიას ერთიან კანდიდატად წარდგენას, როგორც ჩანს, არ აპირებენ. პარტიები, რომლებმაც არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაცილებით ნაკლები ხმა მოაგროვეს, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ბევრი კანდიდატის წარდგენაა აუცილებელი. 

ვფიქრობ, მრავალფეროვნება უფრო მეტად იძლევა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ამომრჩეველმა, ყველა ხმამ, ნახოს თავისი არჩევანი, - „ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე.

ამავე აზრს იზიარებს პარტია „რესპუბლიკელების“ წევრი, ხათუნა სამნიძე.

ჩემი პარტიის პოზიციაა, რომ ვითარება  იყოს მრავალფეროვანი, არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი. არ უნდა იყოს ერთადერთი მერობის კანდიდატი, ან ერთადერთი საერთო ოპოზიციური სია. არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, - ამბობს სამნიძე. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, აცხადებს, რომ მათი პარტია გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ამის დრო მოვა. 

ჩვენ ძალიან პრაგმატულები ვიქნებით და როცა მომენტი მოვა, იმ მომენტში იმ ამოცანიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია, ვიმოქმედებთ, - ამბობს ბოკერია. 

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, ღიად ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მათი პარტია მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. 

„გირჩს“ თავისი გზა აქვს გასავლელი. „გირჩი“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, - ამბობს ჯაფარიძე. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელია, როგორც ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატი, გამაერთიანებლის ფუნქციას კარგად შეასრულებს.

რაც ნიკა მოახერხა გლდანში, როდესაც ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი პრაქტიკულად ყველაზე მეტი ხმა წამოიღო, მისი განხილვა შეიძლება, როგორც ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული კანდიდატის. ანუ ამ კონტექსტით თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ნიკა გამაერთიანებლის ფუნქციას უკეთესად შეასრულებს, - აცხადებს დეკანოიძე. 
 

მსგავსი სიახლეები