კანონპროექტის მიღება "ოცნების" ანტი-ევროკავშირული პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური იქნება - ხიდაშელი "ხალხის ძალაზე"
"ერთწლიანი პროცესის განმავლობაში გადადგმული ინტეგრაციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიდან, ამ კანონპროექტის მიღება იქნება მმართველი პარტიის ანტი-ევროკავშირული და იზოლაციონისტური პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა დასტური"- ასე ეხმიანება ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ „ხალხის ძალის“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინიცირებული კანონპროექტს.
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია პირდაპირ წერს, რომ "კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ანტიევროპული ან უფრო ზუსტად ანტი-ევროკავშირულია".
მათივე შეფასებით, "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულების მიერ შემუშავებული "კანონპროექტი გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს ეწინააღმდეგება".
თუკი ერთი წუთით წარმოვიდგენთ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციის გარეშე სრული მასშტაბით ამოქმედდება და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ყველა საქმიანობასა და ორგანიზაციას „უცხოური გავლენის აგენტად“ გამოაცხადებს, მსგავს წარწერებს ვიხილავთ ქართველი სამხედროების ფორმებზე საქართველოს დროშის გვერდით, ქართველი პოლიციელების აღჭურვილობაზე, პრაქტიკულად ყველა საშუალო სკოლის შენობა-ნაგებობებზე, ქვეყნის შეიარაღების თითქმის სრულ კომპლექტზე, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა გამოცხადდნენ, თითქმის ყველა უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც სწორედ ამგვარი გრანტების არსებობის გამო ახერხებენ საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას, სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის, ერასმუსის ან სხვა მსგავსი პროგრამების სტიპენდიები აქვთ, ექიმები და პაციენტები, ვინც სწორედ ამგვარი დახმარების ფარგლებში იღებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო აღჭურვილობას უფასოდ… შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი საქართველო, ვინაიდან რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების, და განსაკუთრებით კი აშშ-ში რეგისტრირებული დონორი ორგანიზაციების მცდელობა და პროგრამები, საქართველოში შესაძლოა დღეს მასობრივი შიმშილის, „ც“ ჰეპატიტის და ბევრი სხვა მიზეზის გამო გადარჩენისთვის ბრძოლის დაუძლეველი პრობლემები გვქონოდა.
მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი არგუმენტისა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ისედაც ცნობილია პროექტის ინიცირება და სახელისუფლებო პარტიის დუმილი მის რუსულ და დისკრიმინაციულ ბუნებაზე, მორიგ ჯერზე ადასტურებს, ქართული ოცნების რეალურ მიზანს, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაყოვნებისა და ქვეყნის სრული დეევროპიზაციისთვის" - წერია განცხადებაში.
„სამოქალაქო იდეის" განცხადება სრულად ნახეთ აქ