ასეთი აბსურდულობის ხარისხი საბჭოთა კავშირსაც შეშურდებოდა - კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტმა საქართველოს სასწორზე დაუყენა ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს სააკაშვილის გათავისუფლება და მისი თქმით, ასე მიღებულ სტატუსს ქვეყნისთვის ფასი არ აქვს.
"აბსურდულ ჩანაწერს ვერ ექნება ვერავითარი ფასი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. ნუ წარმოუდგენელია უბრალოდ რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი. სასწორზე დაგვიყენეს ევროპარლამენტარებმა ერთ მხარეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს სააკაშვილის გათავისუფლება და კანონის არ აღსრულება. ევროკავშირს მაშინ აქვს ფასი, თუ ევროკავშირში დაცულია სამართლის უზენაესობა და დემოკრატია".- ამბობს კობახიძე.
დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს - მესამე რეზოლუცია ევროპარლამენტში და მესამე მოთხოვნა ოლიგარქის დასანქცირების შესახებ დამტკიცებულია. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის პერსონალური ვენდეტაა, მას პერსონალური წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება, ამიტომ ევროდეპუტატები ევროსაბჭოს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს.
დოკუმენტი 577-მა ევროპარლამენტარმა დაამტკიცა და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ ყოფილა დათქმა რაიმე პირობით. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები პირდაპირ ითხოვენ ივანიშვილის დასანქცირებას, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ, სალომე ზურაბიშვილს კი სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.