"ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა" - სვიმონ დადიანის ოჯახის ღია წერილი წულუკიანს
მხატვარ სვიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავები კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართავენ. წერილს ოჯახის თხოვნით სოციალურ ქსელში მია ღვინიაშვილი აქვეყნებს.
ოჯახი განმარტავს, რომ წინაპრის თხოვნით, მისი ნახატები საქართველოს 2017 წელს სწორედ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით გადაეცა და პრეზიდენტის სასახლედან მათი გატანა არასწორი ქმედება იყო.
ღია წერილი კულტურის მინისტრს.
2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.
ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას.
ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალებას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა . დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება.
ლია ვოდე მდივანი
მიხეილ ვოდე მდივანი,- აღნიშნულშია წერილში.