პრეზიდენტმა შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს - ოპოზიცია

07.05.21 15:49
პრეზიდენტმა შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს - ოპოზიცია

გამოიყენებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე - ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის როლის მორგებას ცდილობს.

მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეეცდება და  დაადგება იმ გზას, სადაც ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს საბოლოო ჯამში, - განაცხადა „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან  იოსელიანმა.

ამავე აზრს იზიარებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩიაც. 

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოზე, წინააღდეგ შემთხვევაში, უცნაურია, ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით, - ამბობს ხვიჩია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, აცხადებს, რომ ვეტოს გამოყენება იქნება პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისკენ.

ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი გარანტორი ამ ხელშეკრულების, როგორც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს წარმოედგინათ მისი როლი, როგორც ჩანს, ახლა ცდილობს გარკვეულწილად, პირველად, პრაქტიკულად, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, რომ პოზიციონირდეს როგორც ამგვარი დამოუკიდებელი აქტორი. ვნახავთ, გამოიყენებს ის თუ არა რეალურად პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვეტოს შესახებ. ამით ის ნამდვილად დაამტკიცებდა, რომ პირველი  ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენებისკენ, - ამბობს ბოკუჩავა.

პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების ნაკლებად სჯერა „ევროპული საქართველოს“ წევრს, ლაშა დამენიას. 

პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ დღეს ვართ პრეზიდენტის ვეტოზე დამოკიდებული, რომელიც ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ფიგურა არც არის და ვერც მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მე საკმაოდ ფრთხილი ოპტიმიზმით მივუდგებოდი ამ საკითხს, - ამბობს დამენია.