მელიას დაკავებასთან დაკავშირებული ანტიდასავლური ნარატივები, აქტორები და მადისკრედიტირებელი კამპანია ფეისბუქზე

07.05.21 15:51
მელიას დაკავებასთან დაკავშირებული ანტიდასავლური ნარატივები, აქტორები და მადისკრედიტირებელი კამპანია ფეისბუქზე

 მელიას დაკავებამ დასავლეთის კრიტიკული განცხადებები გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ მათი კრიტიკის პასუხად მკაცრი და კრემლისტური შეფასებები ჰქონდა. - ნათქვამია ,,სამართლიანი არჩევნებისა" (ISFED) და ,,მედიის განვითარების ფონდის" (MDF) კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის ფარგლებში 3 ძირითადი ტენდენცია გამოკვეთეს.

მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებებს  ,,ქართული ოცნების" და მათი მხარდამჭერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რაც იმავე პერიოდში, კრემლისტური და ანტილიბერალური აქტორების განცხადებებთან გარკვეულწილად თანხვედრაში იყო.
სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სამი საკვაძო ანტიდასავლური გზავნილი დომინირებდა:
აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა ტერორიზმის მაგალითია და, მოგვიანებით, სამართლდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებები მოჰყვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობის გამო დაკავებები ოპოზიციის დევნად მიიჩნევა;
მთავრობის დასავლელი კრიტიკოსები მიკერძოებულნი არიან / მხარს უჭერენ ენმ-ს.
ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან;
ანტიდასავლური ნარატივები აისახა ფეისბუქზეც. კრემლისტურმა და პროსახელისუფლებო ანონიმურმა გვერდებმა „ორმაგი სტანდარტის“ გზავნილზე მოახდინეს კაპიტალიზაცია და მელიას დაკავება კაპიტოლიუმთან დაკავშირებულ მოვლენებს შეადარეს.
გარდა ანტიდასავლური ნარატივებისა, პროსახელისუფლებო და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ანონიმურმა გვერდებმა მელიას დაკავება „კანონის უზენაესობის“ და „სამართლებრივი სახელმწიფოს“ დაცვის კონტექსტში წარმოაჩინეს.
მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციაში ჩართული ფეისბუქ ანგარიშები, როგორიცაა ფეისბუქ ჯგუფები, ანონიმური გვერდები და პირადი პროფილები, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. ,,ქართული ოცნების" მადისკრედიტირებელმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა გვერდებმა 16-28 თებერვლის პერიოდში 30%-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, ვიდრე 1-15 თებერვლის პერიოდში. მეორე მხრივ, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა სულ მცირედით შეიცვალა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ,,ქართულ ოცნების" პოზიციებს პროსახელისუფლებო მედიები და ორგანიზაციები ახმოვანებენ. მათ შორისაა ტვ ,,ობიექტივი", ონლაინ-მედია საშუალება „საქართველო და მსოფლიო“, ,,ალტ-ინფო", ,,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება", ,,ნიუს ფრონტ საქართველო". გარდა ამისა,  ხელისუფლების გზავნილებს ავითარებდა 78 ფეისბუქ გვერდიც, რომელმაც დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკას 2190 სტატუსი მიუძღვნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები