დღეში 300-400 კალორიას იღებს, საკუთარი სურვილისამებრ იკვებება - ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე
"ვივამედის" ექიმი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი სოფო მებუკე მიხეილ სააკაშვილის წონაში კლების მიზეზად კალორაჟის ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, პაციენტი იმ კალორაჟის მესამედს იღებს, რაც მისი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
ამასთან, მედიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვებით იკვებება. მისი თქმით, ეს პაციენტის ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენია.
პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია, გვაქვს წონის კლების ესეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა დღეში, რაც გამოდის მის მიერ მიღებული ათვისებული საკვებისა. [აუცილებელია] მინიმუმ 1700 მაინც, მინიმუმ 1700 მზარდი ტენდენციით. შეთავაზებულ იქნა [კვების კალორაჟი], თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას.
არსებობს გარკვეული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც ხასიათდება - მადის დაქვეითება არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი. თუმცა შესაბამისი კლინიკოლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით, - თქვა სოფო მებუკემ.