ქუჩაში ხალხის მხარდაჭერის და პარლამენტში ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით - კობახიძე ენმ-ს ბოიკოტზე
ირაკლი კობახიძე ენმ-ს საპარლამენტო ბოიკოტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ელემენტარულად ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართონ.
მისივე თქმით, ენმ-მ არათანმიმდევრულობა ბოიკოტის გამოცხადების ნაწილშიც აჩვენა.
„რეალურად რა მოხდა - მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად, ფრაქცია რომან გოცირიძემ დატოვა და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო, მათ შემდეგ გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს უკვე პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა - შემოდიან კომიტეტებზე. მერე სხვა ვითარება იქნება, კიდევ შეცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი და კარგია. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი.
გარეთ, ქუჩაში ხალხის მხარდაჭერის რესურსი არ ყოფნით და პარლამენტში არ ყოფნით ინტელექტუალური რესურსი და თვითონვე არიან გაჭედილები ამ საკუთარ ურესურსებობებს შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.