კობახიძე: კეზერაშვილ-მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაა - რა ხდება ენმ-ში
"ნაციონალურ მოძრაობაში დიდი განხეთქილებაა, გავლენებისთვის ბრძოლამ შესაძლოა, მთელი პარტია გადაიყოლოს" - ამ ინფორმაციის გავრცელების წყარო ირაკლი კობახიძეა. საიდან აქვს ეს ინფორმაცია "ოცნების" თავმჯდომარეს, არ უთქვამს, თუმცა ფაქტია, რომ კობახიძისთვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ინტერესს არ კარგავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხაბეიშვილი პარტიის მხოლოდ ფორმალური მმართველია, რეალურად კი ახლა გავლენებისთვის ბრძოლა კეზერაშვილ-მერაბიშვილს შორის მიდის.
კობახიძისთვის პასუხი არ გაუცია ლევან ხაბეიშვილს. "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ "ოცნების" თავმჯდომარე ჭორებს ავრცელებს და არც ვანო მერაბიშვილი და არც დავით კეზერაშვილი პარტიის საქმიანობაში არ ერევიან.
ენმ-ში ადასტურებენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ არსებობს, მაგრამ ეს დემოკრატიული პროცესია. ნაწილს პარლამენტში დაბრუნება უნდა, ნაწილს არა.