მზადება დიდი მიტინგისთვის - უკრაინის მხარდასაჭერად ხვალ მოქალაქეები ქუჩაში გავლენ
ერთი დღე აქციამდე - დიდი მიტინგისთვის სამზადისი, ფაქტობრივად, დასრულებულია. ხვალ, რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი წლის თავზე უკრაინის ხმარდასაჭერად, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მოქალაქეები ქუჩაში გადიან.
სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ხალხი სამშობლოს ჰკარგავს და უკრაინის გვერდით დგომა ახლა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კიდევ რა უნდა დაშავდეს და რა უნდა გაფუჭდეს ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტოთ ყველამ ერთად და შევცვალოთ ეს მოცემულობა. დიახ, ვკარგავთ სამშობლოს. დიახ, ვკარგავთ ყველაფერს, ნადგურდება ჩვენი მომავალი. და როგორ ფიქრობთ სახლში მდუმარედ, მჯდომარედ უნდა შევხვდეთ ამ ტრაგედიას?, - ამბოლბს აკია ბარბაქაძე.
პოლიტიკოსებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად აქციაზე ხვალ ხელოვანებიც იქნებიან. მსახიო კახა გოგიძე ამბობს, რომ 90-იან წლებში საქართველოში რუსეთის მიერ დაწყებული ომი ახლა უკრაინაში გრძელდება.
სანამ არსებობს ტერორისტული რუსეთი მანამდე იარსებებს პრობლემები. გავდივარ იმიტომ, რომ საქართველოში 90-იანებში დაწყებული ომი და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, 200 წლის წინ დაწყებული ომი, დღეს გრძელდება უკრაინაში. ასე რომ ეს ომი არ არის მარტო უკრაინელების, ეს არის ჩვენი ომი და ჩვენ რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, თუნდაც ასე გასვლით, ერთი წლის თავზე უნდა გავიდეთ, ყველა ვარიანტში, სხვანაირად არ არსებობს. სხვანაირად საქართველო აღარ იარსებებს, - ამბობს გოგიძე.