პრეზიდენტი არის მძევალი საკუთარი გადაწყვეტილებების - ლევან სამუშია

08.05.21 11:18
პრეზიდენტი არის მძევალი საკუთარი გადაწყვეტილებების - ლევან სამუშია

"ლელოს" წევრი, ლევან სამუშია ამბობს, რომ მას პრეზიდენტის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში შეტანილ ცვლილებებზე  ვეტოს დადების მოლოდინი არ ჰქონია.სამუშიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისე მოქმედებს, როგორც ეს მმართველ გუნდს სურს.

პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი და ის არის ამ შემთხვევაში მძევალი საკუთარი გადაწყვეტილებების, ის ვერანაირად ვერ იმოქმედებდა დამოუკიდებლად და ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც "ქართულ ოცნებას" სურდა და აქედან გამომდინარე მოხდა ასე", - ამბობს ლევან სამუშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და  ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ვეტო არ დაადო. 

ვეტოს დადებამდე სალომე ზურაბიშვილი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრებს მართავდა.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ასევე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე. მანამდე კი ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შევიდა კოდექსის 166-ე, 173-ე და 247-ე მუხლებში. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  
  • 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით. ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
  • 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა.