"ანტიევროპული კანონის" მხარდამჭერებს და მათ ოჯახებს EU დაასანქცირებს - ზვიად კვაჭანტირაძე
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე "ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ყველა, ვინ აღნიშნულ კანონს მხარს დაუჭერს, ევროკავშირის მხრიდან დასანქცირდება.
კვაჭანტირაძე ირწმუნება, რომ ინფორმაციას ევროპელი კოლეგებისგან ფლობს.
"ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სახელით შენიღბული სრულიად ანტიევროპული, "კუდიანებზე ნადირობის" დამკანონებელი კანონის მიღების შემთხვევაში, მისი მხარდამჭერი პარლამენტის წევრების და კანონპროექტის ინიციატორების მიმართ კი, დამატებით მათი ოჯახის წევრების მიმართაც, ევროკავშირის მიერ დაწესდება მკაცრი სანქციები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს ევროკავშირის და შენგენის შეთანხმების ქვეყნების ტერიტორიაზე მათი შესვლის შეზღუდვას (საჭიროების შემთხვევაში დაიშვება მხოლოდ შესვლა უშუალოდ ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე) და პირად ეკონომიკურ სანქციებს.
შემდეგი ეტაპი, ალბათ იქნება სანქციები ქვეყნის მიმართ. იმედი არ მაქვს, მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. (ჩემი, ყოფილი ევროპელი კოლეგებისგან დღეს მიღებული ინფორმაციაა.) - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.