"ხვალ იქნება ქართული ეროვნული ენერგიის ზეიმი" - უკრიანის სოლიდარობის აქციისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა

23.02.23 17:45
"ხვალ იქნება ქართული ეროვნული ენერგიის ზეიმი" - უკრიანის სოლიდარობის აქციისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა

24 თებერვლის აქცია - საორგანიზაციო ჯგუფის ოპოზიციონერი ლიდერები მთავარ მოტივებსა და მოლოდინებზე საუბრობენ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ აქციის უმთავრესი მიზანი უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება და იმ ფაქტის გაჟღერებაა, რომ ქართველი ხალხის დამოკიდებულება და ემოციური მდგომარეობა ომის მიმართ, რადიკალურად განსხვავდება მოქმედი ხელისუფლების ქმედებებისაგან.

მთავარი მიზანი არის, პირველ რიგში, სოლიდარობის გამოცხადება უკრაინისთვის. 24 თებერვალი არის თარიღი, როცა სამყარო გაიყო ორად, ყველამ დაინახა საით არის სიკეთე და საით არის ბოროტება, საით არის სიბნელე, საით სინათლე და გაავლო ძალიან მკვეთრი მორალური ხაზი მთელ დედამიწაზე. ისეთი კონსოლიდარული და ერთიანი რუსეთთან მიმართებაში დასავლეთი, როგორიც ახლაა არასოდეს ყოფილა. ჩვენ გვინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელებს და იმ ქართველ მეომრებს, რომლებიც ახლა არიან ფრონტის ხაზზე ამ ყინვაში. გვინდა უკრაინელებს და დასავლეთს დავანახოთ, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის განწყობა და ემოციური მდგომარეობა უკრაინის ომთან მიმართებაში პრინციპულად განსხვავდება იმისგან, რასაც ასხივებს მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში სქართველოს ხელისუფლება. ეს არის ამ აქციის მიზანი. და გასაკვირი არ არის, რომ ისინი არ აპირებენ ამ აქციაზე მოსვლას. აქ კი არა ისინი კიევში არ ჩადიან.  ქართული ხელისუფლება რუსეთის მხარესაა, რაც დრო გადის უფრო ცხადი ხდება ყველასთვის. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება ამ ომისადმი განპირობებულია ამ მდგომარეობით. მათ უნდათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, შემდეგ მოტრიალდნენ და გვითხრან; 10 წელი ჩვენ, რომ მუხლებზე ვუდექით რუსეთს, ენას ვუჩლექდით და ვემალებოდით ეს იყო სწორი პოლიტიკა. ამას ელოდებიან, რომ ეს მოხდება, ამიტომაც არ მიდიან იქ და აქციაზე როგორ მოვლენ - ზურა ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხვალინდელი აქცია მისთვის ღირსების აღდგენის ერთადერთი გზაა. 

მე ერთი რამე ვიცი, რომ ავტობუსებით არავინ არ მოგვყავს და ისიც ვიცი, რომ ჩემთვის ეს არის ღირსების აღდგენის დღე. იმიტომ, რომ ჩემი ღირსება, როგორც საქართველოს მოქალაქის, შებღალა კობახიძე-ივანიშვილ-ღარიბაშვილის, აი ამ მართლა ღალატის დაჯგუფებამ, რომელიც მტრის მხარეს არის. რომლებიც არ ჩავიდნენ უკრაინაში და ისე გაიქცა თურქეთში მაინც და მაინც ამ დღეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი, გეგონება თურქეთის სოლიდარობა დააკომპენსირებს იმას, რომ უკრაინისთვის სოლიდარული არ ხარ. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ. ხვალ არის უკრაინის სოლიდარობის დღე. ძალიან ნერვიულობდა კობახიძე და ძმანი მისნი, რომ ორგანიზატორები ყველა კიევში წავიდა. მახსოვს, რუსები ომის დაწყების შემდგომ აბრალებდნენ ზელენსკის, რომ იგი ქვეყნიდან გაიქცაო. შემდეგ ზელენსკიმ გააკეთა ძალიან მაგარი ვიდეო, სადაც თქვა რომ "პრეზიდენტ ტუტ, სხვებიც ტუტ". კობახიძეს ვეუბნები "ვაშაძე ტუტ". ასე რომ ხვალ აუცილებლად გვიხილავთ და ხვალ იქნება ქართული ეროვნული ენერგიის ზეიმი. ჩემთვის ეს არის ღირსების აღდგენის დღე და ჩვენ ღირსეულად ყველანი უნდა შევიკრიბოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

საათის ათვლა დაწყებულია - 24 თებრვლის აქციამდე 25 საათია დარჩენილი. ხვალ ზუსტად შვიდ საათზე მოვლენების ეპიცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება. არა რუსულ ოკუპაციას, გამარჯვება უკრაინას და ევროპული გზა საქართველოს - ამ სამი მესიჯით ხვალ ხალხი საქართველოდან მსოფლიოს და პირველ რიგში, უკრაინას საკუთარ ხმას გააგონებს. 

მსგავსი სიახლეები