"ვინც ამას კადრულობს, იმას აქვს ბოდიში მოსახდელი" - მდინარაძე მუსლიმ თემს ბოდიშს არ მოუხდის
მუსლიმი თემი მამუკა მდინარაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, "ოცნების" ლიდერი კი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ისრების გადატანას დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე ცდილობს.
მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ "ომის პარტიის" ერთ-ერთმა დანაყოფმა უნდა მოუხადოს “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს ბოდიში.
"ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა ძალიან უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის
გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.
სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!
ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!"- წერს მდინარაძე.
დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე მამუკა მდინარაძეს მუსულმანი საზოგადოების მისამართით ბოდიშის მოხდას სთხოვს, ვინაიდან, ნაკაიძის თქმით, მდინარაძე საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობას ეწევა.
მამუკა მდინარაძემ წითელი ხაზი მაშინ გადაკვეთა, როცა მათ რელიგიური კონფესიების მრწამს შეეხო.
მდინარაძემ მუსლიმები საეჭვო დაფინანსების მიღებაში დაადანაშუალა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელბი ლამის ქვეყნისთვის საშიშებად გამოაცხადა.