"ლელოს" ლიდერებმა კიევის მერიას საჩუქრად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცეს
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კიევის მერიას საჩუქრად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცეს.
ეს გადაწყვეტილება "ლელოს" ლიდერებმა უკრაინელი ხალხის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან ერთ-ერთი მთავარი, რაც დღეს ომში მყოფ ქვეყანას სჭირდება, სწორედ ჰუმანიტარული დახმარებაა.
"ლელოს“ თავმჯდომარის განცხადებით დახმარება არ გაჩერდება, როგორც არ გაჩერებულა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
„ვიტალი კლიჩკოზე ბევრი რამ ვიცოდი. დღეს კიდევ უფრო დიდი კაცი, პატრიოტი, მებრძოლი გავიცანი. თავდადებული თავისი ქვეყნისთვის, წარმატება და გამარჯვება მას! უკრაინა გაიმარჯვებს ასეთი ლიდერების ხელში!
დღეს კიევს სჭირდებოდა სასწრაფო დახმარების მანქანები და შესაბამისი აღჭურვილობა, ამიტომ ჩვენს მეგობარს, ქართველი ხალხის სახელით, ეს საჩუქარი გადავეცით.
მე შევპირდი ვიტალის, რომ ჩვენი დახმარება არ გაჩერდება ისე, როგორც არ გაჩერებულა ბოლო ერთი წლის განმავლობაში!
დიდება გმირებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.