ნატოსა და ევროკავშირის დაცვის გარეშე მყოფი საქართველო და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში - პაპუაშვილი

24.02.23 13:14
ნატოსა და ევროკავშირის დაცვის გარეშე მყოფი საქართველო და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში - პაპუაშვილი

NATO-ს, EU-ის დაცვის გარეშე მყოფი საქართველო უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო თავადაც სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე იმყოფება. 

საქართველო, ომის დაწყების დღიდან, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო, ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი, თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენს უკრაინელ კოლეგებს კიევში ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადეთ, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას. საქართველოს პარლამენტმა ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს ვუმასპინძლეთ. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის, უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე, საქართველო მათი მეორე სამშობლო გახდა. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია მიიღო:

"ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ. Слава Україні! 

მსგავსი სიახლეები