ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

08.05.21 14:18
ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გახელაძეს  12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.

მსგავსი სიახლეები