თუ ვინმეს კიევში მოგზაურობა სურს, არავის ვზღუდავთ - პრემიერი ზურაბიშვილზე
თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ჩვენ არავის ვზღუდავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს.
„მე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად არ მომისმენია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით. ახლა, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო და ქვეყნის სახელით ჩვენი პოზიცია წარადგინა. მან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, მათ შორის კიევში მოგზაურობის, ყველა ადამიანი თავისუფალია და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტი უკრაინაში არჩასვლის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
მისი თქმით, ისურვებდა, დღეს უკრაინაში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო.
"დროულად გამოვხატე კიევში წასვლის მზადყოფნა, სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე"- ამის შესახებ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.