მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტი - პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "გონივრული პოლიტიკით" საქართველსო ომი ააცილა.
თურქეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ამის სურვილი "რადიკალურ ოპოზიციას აქვს".
მთავრობის მეთაური პოლიტიკურ ოპონენტებს ისევ "ექსტრემისტებს", "ანტიქართველებს" და "ატისახელმწიფოებრივად მოაზროვნეებს" უწოდებს.
მათი (ოპოზიციის) ამოცანა და ქმედება არ ყოფილა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების გატარება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.
მშვიდობის გარეშე ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობის და განვითარების"- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვა მართებს:
უკრაინამ დღეის მდგომარეობით დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანია გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარი არის 700-800 მილიარდზე. ზოგი ამბობს, რომ ზარალმა ყველაფრის ჩათვლით შეადგინა ერთი ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც.
რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, და ჩვენი ქვეყნის დაცვა. ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენთვის ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა, ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ბევრი მცდელობა იყო, რომ ე.წ. მეორე ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოშიც, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ომი და მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ"- დასძინა მან.
პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ საქმეს უნდა მიხედონ და საკუთარ ქვეანაზე ისაუბრონ:
მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ"- თქვა პრემიერმა სამთავრობო მედიასთან.