ფრონტის ხაზზე საქართველოს ბედიც წყდება! - ქართველი ხალხის ხმა და სოლიდარობა უკრაინას

24.02.23 20:06
ფრონტის ხაზზე საქართველოს ბედიც წყდება! - ქართველი ხალხის ხმა და სოლიდარობა უკრაინას

ზუსტად ერთი წლის წინ ამ დროს, კიევის შემოგარენი უკვე  ცეცხლის ალში იყო გახვეული - 2022 წლის 24 თებერვალს მთელმა  მსოფლიომ გააცნობიერა, რა საფრთხის წინაშე დააყენა პუტინმა ცივილიზებული სამყარო.  სკეპტიკოსები ფიქრობდნენ, რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა. რუსეთი, რომელიც ბირთვულ ზესახელმწიფოდ ითვლებოდა, უძლეველად მიაჩნდათ, თუმცა უკრაინამ გაუძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ რუსეთის წინაშე თავდახრილ უკრაინელებს ვერავინ ნახავდა. 

ყველას ახსოვს უკრაინელების თავგანწირვა, ახსოვს ბუჩა და ირპენი - როგორც რუსული სისასტიკის სიმბოლო.  ქუჩაში დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობა. შემდეგ იყო თავდაუზოგავი ბრძოლა აზოვისთვის და  ბახმუტისთვის, სადაც უკრაინის არმიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრისთვის. ეს არის ომი თავისუფლებისთვის.  21-ე საუკუნის ტირანიის დასრულება უკრაინელებმა აიღეს საკუთარ თავზე და უკვე ერთი წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს და ათავისუფლებენ მსოფლიოს რუსული მარწუხებისგან. ათავისუფლებენ საქართველოსაც - "ეს ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის" და სწორედ ამიტომ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც რუსთაველის გამზირი გადაჭედილია.

დღეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე დგას ყველა, ვისაც უკრაინის გამარჯვების სჯერა და ვინც ფიქრობს, რომ ფრონტის ხაზზე საქართველოს ბედიც წყდება.  ეს არის  ღირსების,  თავისუფლების და სოლიდარობის მანიფესტაცია.

უკრაინამ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა.  დღეს უკრაინელები ქართველი ხალხის მხარდაჭერის ხმას თბილისიდან გაიგებენ.