პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ! - ვიტალი კლიჩკოს მადლობა ქართველ ხალხს და მეომრებს
"თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია"- ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებულებს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის! თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას"- თქვა კიევის მერმა.
კლიჩკომ რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები მათ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის"- აღნიშნა ვიდეო-მიმართვაში კლიჩკომ.
უკრაინელი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ საქართველო ისევე როგორც უკრაინა ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხი დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრი. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენ ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!" - აღნიშნა კლიჩკომ.