უნდა გვესმოდეს, რომ ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, კიდევ უნდა შევიკრიბოთ - გიორგი ვაშაძე
უნდა გვესმოდეს, რომ ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, კიდევ უნდა შევიკრიბოთ ისევ დაგვჭირდება ერთიანი, კოორდინირებული მოქმედებები - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციის მონაწილეებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, მთავარ ეროვნულ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება: ტერიტორიული მთლიანობა, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
ჩვენი მთავარი მიზანია, არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას” აგვაცდინოს ევროინტეგრაციის გზას, და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელობანი იყო დღევანდელი შეკრება. მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არაა"- თქვა მან.
ვაშაძე ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული ამოცანები არსებობს და ამ ამოცანების შესასრულებლად ერთიანობაა საჭირო:
- პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.
- გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ გვერდით ყველა ადამიანს, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა.
- ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი , რაც ნიშნავს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის.
- და მეოთხე, ყველა ეს ცვლილება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე”, - განაცხადა ვაშაძემ.