ღარიბაშვილის განცხადება საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით და არც ერთი სიტყვა რუსულ არმიაზე

25.02.23 12:30
ღარიბაშვილის განცხადება საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით და არც ერთი სიტყვა რუსულ არმიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ღარიბაშვილის განცხადებაში, არც ერთხელ არ არის ნახსენები, რომ ამ დღეს საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა.

"1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.

ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.

დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ",- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ კოჯორში გმირთა მემორიალთან მისულმა პრემიერმა დუმილი არჩია და ჟურნალისტების კითხვებს გაექცა.

ამის შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციამ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გაავრცელა.

შეგახსენბთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან დღეს 102 წელი შესრულდა.