ხდება პროექტის პირდაპირი სტიგმატიზაცია რუსულ კანონად - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ხდება პროექტის პირდაპირი სტიგმატიზაცია რუსულ კანონად და ამიტომაც, გასაკვირი არ არის დასავლელი პარტნიორების წუხილი.
იმ პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე, რაც ამ პროექტის, და ახლა უკვე ორი პროექტია, გარშემო მიმდინარეობს, ხდება პირდაპირ სტიგმატიზება მისი რუსულ კანონად, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. გასაგები არის ის წუხილი, რომელიც მათ აქვთ, განსაკუთრებით, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რომელიც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით. ამ საუბრებში, რასაც ისედაც საჯაროდ ვსაუბრობთ, ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, პარტნიორებთან რა საუბარიც მქონია მე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში", - შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან იწყება.პროექტი, რომელზეც ყველა ამბობს, რომ არის რუსული, რეპრესიული და საშიში, შესაძლოა, მალე კანონად იქცეს.
,,ხალხის ძალის" ინიციატივას აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსი და უცხოელი გამოცდილი პოლიტიკოსების მთელი სპექტრიც.