რუსული კანონის მხარდაჭერა EU-ში გაწევრიანების გზაზე საბოტაჟი იქნება - დეკანოიძე "ოცნებას" აფრთხილებს
"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის დეპუტატების მიერ, საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და პირდაპირ უსპობს ყველანაირ ჟანგბადს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს.
ივანიშვილის დეპუტატების, ე.წ. ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსულია და პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში: ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები, ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა.
დღეს ბიუროზე რეგისტრირდება ამ კანონის მეორე სახეცვლილება. ვითომ გაცილებით ხისტი ვარიანტია და ითცალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ხალხის ძალის ორივე კანონპროექტი არის რუსული და პირდაპირ, დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას და სპობს ყველანაირ სივრცეს არასამთავრობო სექტორისთვის"- თქვა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ვინც კანონპროექტის განხილვაში შევა და მხას დაუჭერს რომელიმე კანონპროექტს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იქნება.
ეს ორივე კანონპროექტი არის რუსული ვარიანტი და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ნებისმიერი ადამიანი უმრავლესობიდან, რომელიც შევა კანონპროექტების განხილვაში, რომელიც გადაწყვეტს, რომ ან პირველ ვარიანტს, ან მეორე ვარიანტს დაუჭიროს მხარი, ეს ადამიანები იქნებიან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაჩერების შეუქცევადი გზა", - დასძინა დეკანოიძემ.
კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება