ივანიშვილის დეპუტატები რუსულ კანონს ვენეციის კომისიაში აგზავნიან
ივანიშვილის დეპუტატები რუსულ კანონს ვენეციის კომისიაში აგზავნიან, ოღონდ, ქართული ოცნება ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს.
მმართველი გუნდი რუსული კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.
დიმიტრი ზუნდაძე ირწმუნება, რომ პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
"ხალხის ძალის" წევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები უახლოეს დღეებში გაიმართება.
მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას მოითხოვენ, რათა კანონპროექტი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის განმავლობაში მიიღონ.
„პირველი მოსმენით მიღებამდე ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება და დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითისთვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული პროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი გვინდა სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას. მათი რეკომენდაციების შესაბამისად მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით ივნისის ბოლომდე მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. ქართული ოცნების" ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის,"- განაცხადა ხუნდაძემ.