მატყუარაა ყველა, ვინც "ხალხის ძალის" კანონს რუსულს უწოდებს - ირაკლი კობახიძე

27.02.23 13:25
მატყუარაა ყველა, ვინც "ხალხის ძალის" კანონს რუსულს უწოდებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მატყუარაა ყველა, ვინც "ხალხის ძალის" კანონს რუსულს უწოდებს. 

განცხადება უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც კობახიძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებები შეახსენეს. 

"ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია არის რუსული კანონი, იტყუება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. ნედ პრაისს მოატყუებინეს ასე გამოვიდა, შეცდომაში შეიყვანეს, მიუტანეს არასწორი ინფორმაცია და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პირით ითქვა ტყუილი", - თქვა კობახიძემ. 

"ხალხის ძალის" კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება და არა ამერიკულს - თქვა პრაისმა 15 თებერვალს. 

მისი თქმით, კანონპროექტი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.