ხმაური პარლამენტში - დაპირისპირების მიზეზი თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები გახდა
ხმაური ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე - დაპირისპირების მიზეზი თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები გახდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხზე ერთ-ერთმა მოქალაქემ სავალდებულო გაწვევის კონტექსტში სიტყვა "მონა" გამოიყენა, რასაც დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
"გირჩის" აპარატის თანამშრომელმა, რუსუდან აბუაშვილმა თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა. მისი თქმით, ახალგაზრდები ცდილობდნენ, რომ "მონები" არ ყოფილიყვნენ. აღნიშნული ფრაზის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ აბუაშვილს გამოსვლა შეასწყვეტინა.
"მოდიოდა ყველანაირი ადამიანი, მათ შორის თქვენი კოლეგების შვილები და ნათესავები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და მე მათ ყოველთვის ვეხმარებოდი. ყველა ჩვენგან მიდიოდა ბედნიერი. როგორც ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა თქვა ისინი შეფურთხებულები და მოღალატეები კი არ იყვნენ, მათ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და სჭირდებოდათ დახმარება, რომ ეპოვათ ყველაზე მარტივი გზა, როგორ გადაივადებდნენ და უშველიდნენ თავს და ერთი წელი არ იქნებოდნენ განა პატრიოტები, როგორც თქვენ ამას ამბობთ, არამედ მონები, რომლებიც ერთი წელი უფასოდ შლაგბაუმს გააღებდნენ", - თქვა აბუაშვილმა.
მიხეილ სარჯველაძემ "გირჩის" წარმომადგენელს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს "მონები" არ უნდაუწოდოს.
აბუაშვილს ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოესარჩლა.
დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. როცა ადამიანს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ, მონობაა, - თქვა რაქვიაშვილმა.
სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ალექსანდრე რაქვიაშვილსა და დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის, რომელიც წარსულში გენერალური შტაბის უფროსი იყო.
მე არც პროექტი მომწონს, მაგრამ კატასტროფაა, რასაც გირჩი ამბობს... მე მინდა რეფორმირებული, NATO-ს დონის ჯარი, მაგრამ არა გაუქმება ჯარის, - თქვა თამარ ჩარკვიანმა.