ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს დაემატება კიდევ ერთი ცენტრი ამბროლაურშიც.
აპლიკანტი ვალდებულია რეგისტრაციისას შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.
„ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა, აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ,“ - ამბობენ გამოცდების ეროვნული ცენტრში.
მათივე თქმით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონულ კრებულში გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ მიმდინარე ინფორმაციებს. მათ შორის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ ინფორმაციას.
„ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“.
მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.