დაარღვია თუ არა კანონი მჭედლიშვილმა - ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულები მოსამართლის აცილებას ითხოვენ

01.03.23 17:04
დაარღვია თუ არა კანონი მჭედლიშვილმა - ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულები მოსამართლის აცილებას ითხოვენ

დაარღვია თუ არა კანონი მოსამართლემ - ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ.  

უფლებადამცველები ვარაუდებენ, რომ მჭედლიშვილი ამ საქმეზე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ისინი მოსამართლის მიერ ერთ-ერთ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ჩადენილ კანონდარღვევაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ წინა სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობაზე მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა დაწერილი გადაწყვეტილება.

ბრალდების მხარის მოსაზრებით კი, ადვოკატების შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება თავად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის პოზიციას, მოსამართლის თქმით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მისი აცილების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მას სიტყვით მიმართა ბრალდებულმა, “გრინსერვის პლუსის” დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ. 

“მე მინდა მჯეროდეს, რომ იმ მრავალათასიან გვერდს გულდასმით გაეცანით, დაბეჭდილ გადაწყვეტილებას, რომელსაც კითხულობდით", - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ მისი მიერ მიღებული გადაწყვეტილების “ნამდვილად სჯერა”.

“დარბაზში ვის სჯერა, ეს იკითხეთ”, - მიმართა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

 

მსგავსი სიახლეები