გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებს - ჰერჩინსკი "ოცნებასთან" შეხვედრაზე

01.03.23 18:36
გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებს - ჰერჩინსკი "ოცნებასთან" შეხვედრაზე

იტყვის თუ არა "ოცნება" რუსულ კანონზე უარს - თითქმის სამსაათიანი შეხვედრა დასრულებულია. დიპლომატების ინტერესის საგანი  ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტია, რომლის მიღებას მმართველი პოლიტიკური პარტია აპირებს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ "ოცნებას" უთხრეს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ს ღირებულებებს.

ევროკავშირის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ დისკუსია იოლი ნამდვილად არ იყო, რადგან სპიკერმა მათ წარუდგინა არგუმენტები, თუ რატომ უნდა არსებობდეს მსგავსი კანონი საქართველოში.

"ეს არ იყო იოლი დისკუსია და ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. გარდა ამისა, ისიც აღვნიშნეთ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება როგორც მინიმუმ ორ პრიორიტეტს იმ 12-დან, რომელიც ევროკომისიამ დაუსახა საქართველოს. 

თავის მხრივ, სპიკერმა შემოგვთავაზა არგუმენტები, თუ რატომ უნდა არსებობდეს მსგავსი კანონი საქართველოში. საუბარი გაგრძელდება, რამდენადაც მე მესმის, ეს ჯერ კანონპროექტიც არ არის, არამედ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა.

ჩვენი აზრით სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ხერხემალი. ამიტომ, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ამ სფეროებმა შეუფერხებლად იმუშაონ ქვეყანაში. ევროკავშირი ყოველთვის ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობოებთანაც თანამშრომლობდა მრავალი მიმართულებით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას და ვშიშობთ, რომ თუ ეს კანონი მიღებულ იქნება, ამას ნეგატიური გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ახლა ჩვენ ადრეულ სტადიაზე ვართ, რომელიც აქ ხდება, პარლამენტში და ძალიან გვინდა, რომ მივაწოდოთ ძლიერი სიგნალი ჩვენი პოზიციის შესახებ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს."- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

მსგავსი სიახლეები