სპეციალურად იღებენ რუსულ კანონს, უნდათ, პროცესი ააფეთქონ - გახარია

02.03.23 11:09
სპეციალურად იღებენ რუსულ კანონს, უნდათ, პროცესი ააფეთქონ - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პირდაპირ ამბობს, რომ რა წამს ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შანსი აქვს, "ოცნებამ" მიზანმიმართულად გადაწყვიტა, რომ მიიღოს რუსული კანონი იმისთის, რათა საქართველოს სტატუსი ვერ მიიღოს. 

სწორედ ამიტომ გახარია ხედავს საკუთარ ვალდებულებას, რომ ელჩები საწინააღმდეგოში დაარწმუნოს და დაარწმუნოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების არჩევანისგან.

"მივმართეთ წევრ სახელმწიფოებს თხოვნით, რომ საქართველო იმსახურებს, ქართველი ხალხი იმსახურებს და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ელჩებთან შეხვედრა გაგრძელდება ვიზიტებით, დედაქალაქებში, რადგან ყველას უნდა ავუხსნათ. მე მაქვს ამის რესურსი, ბევრ ადამიანთან გვაქვს კავშირები და ყველას ვუხსნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერშიფი საერთოდ სხვაგან არის, ქართველი ხალხი არის ბევრად უფრო პროევროპული და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ კანონპროექტზე დღეს ყველა საუბრობს. კანონპროექტის მთავარი პრობლემა იცით რაშია? როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი უბრალოდ ააფეთქონ. მე არ ვიცი ამას სხვა რა უნდა დავარქვათ, ამას ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80 % ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა ახლა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ", - ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. საერთაშორისო კრიტიკისა და ზეწოლის მიუხედავად "ქართული ოცნება" აპირებს საშიში კანონი მაინც აამოქმედოს და ხელისუფლებისთვის არასასურველი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად გამოაცხადოს.
კანონის განხილვის დროს  პარლამენტში მისვლას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებნლებიც. რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე კი პარლამენტისის თავმჯომარემ ჟურნალისტებს ქცევის ახალი კანონები დაუწესა. შეზღუდვები ამოქმედებულია.
 

მსგავსი სიახლეები