მივესალმები...შლეიფი მოსდევს, რომ რუსული კანონპროექტია? - კალაძე
თბილისის მერი, კახი კალაძე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, მიესალმება.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი უამრავ ქვეყანაში უპრობლემოდ მუშაობს. თბილისის მერის განცხადებით, ცდილობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეფუთონ, როგორც რუსული.
„მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. მაგალითისვის, კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამხელა სიმძიმე აქვს აშშ-ში აღნიშნულ კანონპროექტს და როგორია ის კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში ვიღებთ. ასევე, საინტერესოა ის, რომ ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ ბოლო დღეებში, თუმცა სიღრმეში არავინ შედის, ყველა ზედაპირულად საუბრობს. მცდელობაა იმის, რომ შეიფუთოს აღნიშნული კანონპროექტი, როგორც რუსული. შლეიფი მოსდევს, რომ რუსული კანონპროექტია, სინამდვილეში არავინ არ ხსნის რატომაა რუსული, რით განსხვავდება მაგალითად, ამერიკული კანონპროექტისგან. თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ ვერ იმუშავებს, რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს პირადად ვერ ვისმენ და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებას მოუსმენია. ერთადერთი რაც არის, საუბარია იმაზე, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტს და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ