ენმ საქართველოში "რუსული გავლენების აგენტების რეესტრის“ შექმნას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში "რუსული გავლენების აგენტების რეესტრის“ შექმნით ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა, ცოტა ხნის წინ ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.
მისი თქმით, ამ რეესტრში შევა ველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ.
"პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით შეიქმნას საქართველოში "რუსული გავლენების აგენტების რეესტრი“ და რეესტრში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.
მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არსებულ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს შეუჩერდეთ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა.
მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ქვეყნების საელჩოებს, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება.
მივმართავთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებს, “საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრში” შეყვანილ პირებს შეეზღუდოთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება, მათ შორის გაუუქმდეთ არსებული ანგარიშები და აეკრძალოთ ახალი საბანკო ანგარიშების გახსნა“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.