თუ პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია, შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები - მაჭარაშვილი
რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი თვისი გამოსვლების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგაა.
"ხალხის ძალის" დამფუძნებელი ზურაბიშვილს კონსტიტუციის წაკითხვისა და საკუთარი უფლებამოსილების უკეთ გაცნობისაკენ მოუწოდებს. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ქვეყანაში საშინაო და საგარეო პოლიტიკა გაატაროს.
"თუ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუცია, მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავისი ფუნქციები. რა არის პრეზიდენტის ფუნქცია? რომ წაიკითხავს, ნახავს, რომ ის არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს ის არ აურჩევია იმისთვის, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა გაატაროს. თუ განცხადებებეს აკეთებს და არ შეუძლია,რომ საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ აკეთებს. ჩვენ ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, ამას ვაღიარებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგმა მათგანმა მოახერხა ის, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი. პრეზიდენტი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს" - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გუშინ გაავრცელა- სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ წერს, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, აიკრძალოს იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს.