სწორი განცხადების გაკეთება, როცა პრეზიდენტი ხარ, ქმედებების გარეშე არაფერს ნიშნავს - მანჯგალაძე
ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურებიან.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ზურაბიშვილის განცხადებას სწორად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ მთავარი მაინც ქმედებებია.
მანჯგალაძის განცხადებით, სანამ ერთი უკანონო პატიმარი მაინც,ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია, ციხეში ზის, პრეზიდენტის ლაპარაკს აზრი არ აქვს.
"სწორი განცხადების გაკეთება, როცა პრეზიდენტი ხარ, ქმედებების გარეშე არაფერს არ ნიშნავს. უნდა თქვათ სიმართლე. ერთი, რომ ვინ მოგატყუათ, როცა ომის დაწყება საქართველოს დააბრალეთ, რომ შეგეშალათ ეს საკითხი და მეორე- გადადით ქმედებაზე. თქვენ იარეთ, დაგიბლოკავენ ვიზიტებს? ხალხი დაგიდგება გვერდში. თქვით, რომ საქართველოს არჩევანია ევროპა და ნატო. ასევე, სანამ ერთი უკანონო პატიმარი ციხეში ზის, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას, მანამდე თქვენს ლაპარაკს აზრი არ აქვს"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გუშინ გაავრცელა- სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ წერს, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, აიკრძალოს იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს.